სიახლეები

2016 წლის მრავალფეროვნების სკოლის ფარგლებში 20 პროექტი დაფინანსდა

2016 წელს მრავალფეროვნების სკოლის პროგრამა მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ წინა წლებში პროგრამაში წლიურად 25 ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას და შესაბამისად, 25 ახალგაზრდას ეძლეოდა საკუთარი პროექტის განხორციელების შანსი, 2016 წლიდან ეს რიცხვი გაორმაგდა და პროგრამისათვის 50 მონაწილე შეირჩა. ამასთან ერთად, მონაწილეთა მიერ განხორციელებული პროექტების რიცხვიც გაიზარდა და თემატიკაც უფრო გამრავლფეროვნდა. საბოლოოდ კი, 2016 წლის მრავალფეროვნების სკოლის ფარგლებში 46-მა მონაწილემ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სულ 20 სოციალური პროექტი განახოცრიელა. რა პრობლემებს აწყდებიან მოქალაქეები ახალქალაქში, ახალციხეში, ბოლნისში, თელავში, თეთრიწყაროში, გორში, მარტვილში, სენაკში, ქუთაისსა და ბათუმში? სწორედ საკუთარი თვალით დანახული პრობლემების გადაჭრისაკენ მიმართული პროექტებით მონაწილეებმა ძალიან ბევრი სხვადასხვა თემა მოიცვეს. პროექტების გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ პროექტების აღწერას

"მრავალფეროვნების სკოლის" ფარგლებში რვა პროექტი დაფინანსდა

 11.07. 2014

"მრავალფეროვნების სკოლის" ჟიურის გადაწყვეტილებით, თერთმეტი სოციალური პროექტიდან რვა დაფინანსდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამით გათვალისწინებულ სესიებში მონაწილეობას 18 ახალგაზრდა გააგრძელებს.

 პროექტების ავტორები პროგრამა "მრავალფეროვნების სკოლის" მონაწილეები არიან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები, მათ შორის, ახალგაზრდები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ტერიტორიებიდან.

"მრავალფეროვნების სკოლა 2014" მაისის თვეში დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება. დასაწყისისთვის, პროგრამაში მონაწილეობას 24 ახალგაზრდა იღებდა, რომლებმაც დასაფინანსებლად ჯგუფური და ინდივიდუალური სულ 11 საპროექტო განაცხადი შემოიტანეს. პროგრამაში მონაწილებას მხოლოდ დაფინანსებული პროექტის ავტორები აგრძელებენ. მათ ტრენინგებს ხუთი გამოცდილი ფასილიტატორი ჩაუტარებს. ტრენინგი დაბა ბაკურიანში, 25 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით შედგება.

სემინარის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს დაფინანსებული პროექტების განსახორციელებლად ორი თვის ვადას მისცემენ. პროექტების განხორციელების შემდეგ, ნოემბრის თვეში,  მონაწილეები ისევ შეიკრიბებიან, მიღებულ გამოცდილებას ინდივიდუალურად შეაფასებენ, ერთმანეთს გაუზიარებენ და სამომავლო გეგმებს დასახავენ.

"მრავალფეროვნების სკოლის" გაზაფხულის სემინარი შედგა

19.05.2014

დასრულდა "მრავალფეროვნების სკოლის" პირველი, გაზაფხულის სემინარი. პროექტის მონაწილეები ერთმანეთს 10 მაისს, კურორტ საირმეში შეხვდნენ. პირველი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო: მონაწილეები შვიდი დღის განმავლობაში მრავალფეროვნების საკითხებს სწავლობდნენ და თავიანთ საპროექტო იდეებს განიხილავდნენ. ისინი მომავალი სემინარის განმავლობაში დახვეწენ და საბოლოოდ, თავიან მცირებიუჯეტიან პროექტებს აგვისტოს თვეში განახორციელებენ.

გაზაფხულის სემინარს სულ 24 მონაწილე დაესწრო. სესიებს "მრავალფეროვნების სკოლის" ხუთი ტრენერი ამზადებდა: თამარ ძაგანია, ირაკლი ფირანიშვილი, ანდრეა ზიგმუნდ, გიორგი ყანჩაველი და მაია მელიქიძე.

ერთ-ერთი მონაწილე, 21 წლის არმინე მანველიანი, ახალციხიდან არის. ამბობს, რომ პროექტი მოსწონს, რადგან სესიები ქართულ ენაზე ტარდება, ეს კი მისთვის ერთგვარი გამოწვევაა:

“ენობრივი ბარიერის გამო, ხანდახან, თითქოს, აზრს ვერ ვაყალიბებ, ვერ გადმოვცემ ისე, როგორც მინდა, მაგრამ ეს პროექტი შესაძლებლობას მაძლევს, ქართული ენის ცოდნა გავიუმჯობესო,”- ამბობს არმინე.

გვანცა ნემსაძეს “მრავალფეროვნების სკოლამდე” არსდროს მიუღია მონაწილეობა ისეთ ტრეინინგებში, სადაც ცოდნას არაფორმალური განათლების მეთოდებით მიიღებდა:

“მართალია, ზოგიერთი საკითხი, რომელსაც აქ განვიხილავთ და ვსწავლობთ, ჩემთვის უკვე ნაცნობია, მაგრამ სხვადასხვა სახალისო თამაშებით, დისკუსიებით ამ თემებზე ადრე არასდროს მიმუშავია. ბევრი ინფორმაცია მივიღე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის შესახებ. მგონია, რომ აქ მიღებული ცოდნა გამომადგება: როგორც ჟურნლისტს პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს ბევრად სიღრმისეული ცოდნა მექნება მაგალითად, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისა და მათი პრობლემების შესახებ,“- ამბობს 23 წლის გვანცა.

“აქამდე მიმიღია მონაწილეობა სხვადასხვა ტრეინინგში, მაგრამ არასოდეს მქონია ისეთი შემთხვევა და შანსი, რომ, რაც თეორიაში ვისწავლე, ის პრაქტიკაშიც განმეხორციელებინა. ამ პროექტში კი შემიძლია, სემინარების განმავლობაში ნასწავლი პრაქტიკაშიც ვცადო, ანუ მაქვს შესაძლებლობა, რომ “მრავალფეროვნების სკოლის” ფარგლებში საკუთარი მცირემასშტაბიანი პროექტი განვახორციელო,”- ამბობს 24 წლის სალომე ნემსიწვერიძე, “მრავალფეროვნების სკოლის” მონაწილე.

"მრავალფეროვნების სკოლის" გაზაფხულის სემინარი 18 მაისს დასრულდა. მონაწილეების შემდეგი შეხვედრა ივლისის თვეში არის დაგეგმილი. პროგრამის ფარგლებში 2014 წლის განმავლობაში სულ სამი სემინარი ჩატარდება.

 

 

დასრულდა "მრავალფეროვნების სკოლის" მონაწილეების შერჩევა

04.04.2014

ასლან ართმელაძე ბათუმიდან არის, ამჟამად თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. 21 წლის ასლანი 2014 წლის „მრავალფეროვნების სკოლის“ მონაწილედ შეარჩიეს. მან პროგრამის შესახებ შემთხვევით შეიტყო:

„უნივერისტეტში მეოთხე კორპუსის დერეფანში დაფაზე განცხადებებს ვკითხულობდი, საინფორმაციო ბროშურას წავაწყდი, სადაც ეწერა, რომ „მარავლეფროვნების სკოლაში“ განაცხადებს იღებდნენ. ამ პროექტის შესახებ მსმენოდა ჩემი მეგობრებისგან, მათი რეკომენდაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტე მონაწილის აპლიკაცია მეც შემევსო“,- ამბობს ასლანი.

მას სურს, რომ „მრავალფეროვნების სკოლის“ ფარგლებში საკუთარი მოხალისეობრივი პროექტი მოამზადოს: გამართოს საინფორმაციო შეხვედრები ახლაზრდებისთვის ეკოლოგიის თემაზე. ამბობს, რომ მისი პროექტის იდეას დახვეწა და მუშაობა სჭირდება. იმედი აქვს, რომ ამაში კი „მრავალფეროვნების სკოლა“ დაეხმარება.  

„მრავალფეროვნების სკოლას“ 2014 წელს სულ 25 მონაწილე ჰყავს. მონაწილეების საბოლოო შერჩევა 31 მარტს დასრულა. პროგრამის მონაწილეები ახალციხიდან, მარნეულიდან, თელავიდან, ქუთაისიდან, ზესტაფონიდან, ბათუმიდან, მარტვილიდან, ჩოხატაურიდან, თბილისიდან და რუსთავიდან არიან. პროექტში მონაწილეობის სურვილი სულ 95-მა ახალგაზრდამ გამოთქვა, მათ შორის ჟიურიმ 25 საუკეთესო აპლიკაცია შეარჩია. 

განაცხადების მიღების განმავლობაში პროგრამის  წარმომადგენლებმა გასვლითი შეხვერდები ჩაატარეს მარნეულში, თელავში, გორში, თეთრიწყაროსა და თბილისში. შეხვედრების ორგანიზებაში დახმარება მათ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებმა გაუწია.

2014 წლის „მრავალფეროვნების სკოლის“ პირველი შეხვედრა 10 მაისს შედგება კურორტ საირმეში, სადაც მონაწილეები ერთმანეთს გაეცნობიან. ისინი შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში მრავალფეროვნების საკითხებს შეისწავლიან და ტრენერების მხარდაჭერით თავიანთი საპროექტო იდეების განვითარებაზე იმუშავებენ. 

პროგრამის მონაწილეები წლის ბოლომდე სულ სამ ტრენინგს გაივლიან, ისწავლიან პროექტების წერას, შეიძენენ პროექტის მართვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებსა და განახორციელებენ თავიანთ მოხალისეობრივ პროექტებს. 

 

 

სააღდგომო საჩუქარი ხაშურის ბავშვთა სახლის ახალგაზდრებს

17.03.2014.

2013 წლის “მრავალფეროვნების სკოლის” მონაწილე, მარიამ გელაშვილი, ხაშურის ბავშვთა სალხის ბიბლიოთეკას საჩუქრად ქართველი და უცხოელი ავტორების წიგნებს გადასცემს. წიგნების შესაძენად დახრმარება მარიამს ფონდმა “არძამ” გაუწია.

ხაშურის მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბიბლიოთეკისათვის წიგნების გადაცემის იდეა მარიამს რამდენიმე თვის წინ დაებადა, როდესაც “მრავალფეროვნების სკოლის” ფარგლებში მან საკუთარი პროექტი სახელწოდებით “ერთად მომავლისთვის” განახორციელა. პროექტი გულისხმობდა ტრენინგების ციკლს ეფექტური კომუნიკაციის დამყარებასა და სამუშაოს მოძიების გზების შესახებ. ამ ტრენინგით მარიამს სურვილი ჰქონდა, ინფორმაცია მიწოდებინა  ბავშვთა სახლის მაცხოვრებლებისთვის. როგორც ის ამბობს, პროექტის განმავლობაში, ერთ-ერთი აქტივობის დროს, ბავშვებმა აღნიშნეს, რომ ძალიან უყვარდათ კითხვა:

“ბავშვების უკეთ გაცნობისთვის მოკლე სესია ჩავატარე: იატაკზე ღია ბარათები დავალაგე, სხვადასხვა ბარათზე სხვადასხვა ფოტო იყო გამოსახული. ბავშვებს ერთი ფოტო უნდა ამოერჩიათ მათი ინტერესის მიხედვით. ბევრმა ის აიღო, რომელზეც წინგები ეხატა. შემდეგ, როდესაც ახსნეს, რატომ მაინცდამაინც წიგნი, მითხრეს, რომ უყვართ კითხვა, თანაც აღნიშნეს, რომ მათ ბიბლიოთეკაში არც თუ ისე ბევრი წიგნია. დავინტერესდი, რა ჟანრის ლიტერატურა აინტერესებდათ და გამიჩნდა სურვილი, როგორმე მათთვის წიგნები მეყიდა," - ამბობს მარიამ გელაშვილი.

წიგნები მარიამმა ბავშვთა სახლის მენეჯერებთან ერთად შეარჩია, მათ შორის მოხვდა ონორე დე ბალზაკის “შაგრენის ტყავი”, ოსკარ უაილდის “დორიან გრეის პორტრეტი”, ემილ ზოლას “ქალთა ბედნიერება”, ერიხ მარია რემარკის “ტრიუმფალური თაღი”, გოგი გვახარიას “ცრემლიანი სათვალე”, დათო ტურაშვილის “ტყეების მეფე”, ჯეკ ლონდონის “მარტინ იდენი”, ორჰან ფამუქის “უმანკოების მუზეუმი”.

მცირე საოჯახო ტიპის სახლი მარიამ გელაშვილისგან საჩუქრად სულ თოთხმეტ წიგნს მიიღებს. სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად მარიამს, სურს, რომ წიგნების გადაცემა 20 აპრილს, აღდგომის დღესასწაულს დაამთხვიოს: "მგონია, რომ ამით ბავშვებს უფრო გავახალისებ და საზეიმო განწყობას შევქმნი ბავშვთა სახლში”,- ამბობს ის.“მრავალფეროვნების

სკოლის”ფარგლებში ეს უკვე მეორე ინიციატივაა, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი “არძა” მარიამ გელაშვილს უფინანსებს. 

 

 

დაიწყო განაცხადების მიღება მრავალფეროვნების სკოლაში

პროგრამა Joint Civic Education-ი თვრამეტიდან ოცდახუთ წლამდე ახალგაზრდებს “მრავალფეროვნების სკოლაში” მონაწილეობის მისაღებად ეპატიჟება. მონაწილეობა შეუძლიათ მათ, ვისაც აინტერესებთ მრავალფეროვნების საკითხები, მოხალისეობა და პროექტის მენეჯმენტი. აპლიკაციების მიღება 17 მარტამდე გაგრძელდება.

“მრავალფეროვნების სკოლა” ეხმარება ახალგაზრდებს განივითარონ უნარ-ჩვევები პროექტის მენეჯმენტში და შეისწავლონ უმცირესობების საკითხები. მთელი წლის განმავლობაში მონაწილეები არაფორმალური განათლების მეთოდებით გადიან სასწავლო პროგრამას გამოცდილ ტრენერებთან და ამზადებენ საკუთარ მოხალისეობრივ პროექტს. 

პროგრამაში მონაწილეობა უფასოა, აგრეთვე  მონაწილეებს სრულად უნაზღაურდებათ პროგრამით გათვალისწინებული მგზავრობის, კვებისა და საცხროვრებლის ხარჯები.

ლიკა ქიშმარეია 2013 წლის “მრავალფეროვნების სკოლის” მონაწილეა. ის ამბობს, რომ პროგრამის განმავლობაში ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვდა და მიღებულმა ცოდნამ მისი ცხოვრებისეული ხედვა შეცვალა:

“მრავალფეროვნების სკოლაში” მონაწილეობამ დამაფიქრა ისეთ საკითხებზე, რაზეც აქამდე არ მიფიქრია, დამეხმარა საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში. ეს არ იყო პროქტი, რომელიც მხოლოდ ცოდნას და გამოცდლებას გაძლევდა, არამედ გეხმარებოდა საკუთარი თავის გაზრდაში და გაცნობაში,”- ამბობს ლიკა.

არაბელა კორძახიასთვის “მრავალეროვნების სკოლა” განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი არის ტრენინგებითა და სესიებზე გამოყენებული მეთოდებით:

“ზღვა კრეატივი, პრაქტიკული სავარჯიშოები - გასწავლის და ამავდროულად, დიდ სიამოვნებას განიჭებს მათი შესრულება. ძნელია, რამდენიმე სიტყვით გადმოსცე ის შთაბეჭდილება, რაც ამ პროექტიდან დამრჩა. იღებ გამოცდილებას და ყოველი შეხვედრის თითოეულ სესიაზე გრძნობ, თუ რამდენად იზრდები. რომ შეიძლებოდეს, კიდევ ერთხელ მივიღებდი მონაწილეობას,”- ამბობს არაბელა, პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე.

“შევიძინე ისეთი უნარებიც, რაზეც შეიძლება, აქამდე არ მიფიქრია. მაგალითად ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოქმედების  უნარი, რესურსების განკარგვა, გუნდში მუშაობა და ასე შემდეგ. გყავდეს მენტორი - ეს არის ყველაზე მაგარი რამ, რაც ამ პროექტში გამოვცადე, სუპერ!”, - ამბობს თომა სუხაშვილი, 2013 წლის მრავალფეროვნების სკოლის მონაწილე.

“მრავალფეროვნების სკოლა” არის Joint Civic Education-ის ადგილობრივი პროგრამა საქართველოში. იგი არის არასამთავრობო ორგანიზაციების: “ირის ჯგუფის”, MitOst e.V.-ისა და CRISP-ის ერთობლივი პროექტი. მისი  მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში და წვლილი შეიტანოს პლურალისტური საზოგადოების ფორმირებაში.

მონაწილეობის მისაღებად მსურველები ავსებენ ანკეტას და გზავნიან მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. აპლიკაციების მიღების პროცესი 2014 წლის 17 მარტს შეწყდება.

პროგრამაში მონაწილეობის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, გახდნენ პროგრამის მენტორები ან ფასილიტატორები.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აპლიკაციის შესავსებად გადადით ბმულზე. 

 

 

აპლიკაციების მიღება "მრავალფეროვნების სკოლის" მენტორობისთვის

მენტორებმა მხარი უნდა დაუჭირონ "მრავალფეროვნების სკოლის" მონაწილეებს მოხალისეობრივი პროექტების რეალიზებაში.

პროგრამა Joint Civic Education-ი არის Theodor-Heuss-Kolleg-ისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების აქტივობების ციკლი კავკასიის რეგიონში. სამოქალაქო განათლების აქტივობების მეშვეობით პროგრამა ხელს უწყობს სოციალური ცვლილებებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობას და ეხმარება ახალგაზრდებს უნარების განვითარებაში. მენტორობის მსურველების აპლიკაციები მიიღება ხუთი სხვადასხვა ადგილობრივი პროგრამისთვის სომხეთში (EcoLab), აზერბაიჯანში (Get Started), საქართველოში (Diversity School), რუსეთსა (New Horizons) და თურქეთში (Take the Chance).

ადგილობრივი პროგრამების აქტივობები ხუთივე ქვეყანაში მხოლოდ სახელმწიფო ენაზე ტარდება. მონაწილეები შესაბამისი უნარების განსავითარებლად სამ სემინარს გაივლიან და მოხალისეობრივ პროექტს განახროციელებლენ. პროექტების განხორციელების ეტაპზე საპროექტო გუნდებს თანადგომას მენტორები გაუწევენ.

გამოგვიგზავნეთ თქვენი აპლკაცია, თუკი აკმაყოფილებთ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ პირობას:

  • ხართ Theodor-Heuss-Kolleg-ის რომელიმე საეთაშორისო პროგრამის, Getting Involved!-ის, ან Joint Civic Education-ის ალუმნი
  • ცხოვრობთ საქართველოში
  • შეგიძლიათ და სურვილი გაქვთ, რომ თქვენს ქვეყანაში მხარი დაუჭიროთ საპროექტო გუნდს თავიანთი პროექტის განხორციელების ეტაპზე
  • მზად ხართ, იყოთ მოხალისე მენტორი
  • ხართ მოტივირებული, რომ შეიძინოთ გამოცდილება და შესაბამისი უნარები მენტორობაში
  • გაქვთ დრო და შესაძლებლობა, ჩართული იყოთ ყველა დაგეგმილ აქტივობაში

აქტივობების განრიგი

  • მენტორობის ოთხდღიანი ტრენინგი, საქართველო, 28.07.2014-01.08.2014
  • შეხვედრა პროექტის მენეჯმენტის შესახებ, საქართველო, 25.07.2014-01.08.2014
  • “მრავალფეროვნების სკოლის” ფორუმი, საქართველო, 22.11.2014-28.11.2014

პირობები

  • მენორობის ტრენინგზე, პროექტის მენეჯმენტის შეხვედრასა და ფორუმზე დასასწრებად მგზავრობის ხარჯებს პროგრამა სრულად ანაზღაურებს
  • პროგრამა სრულად დაფარავს კვებისა და სასტუმროს ხარჯებს
  • მენტორის პოზიცია არ არის ანაზღაურებადი, მენტორები მხარს დაუჭერენ პროექტებს მოხალისეობრივად

გამოგვიგზავნეთ თქვენი აპლიკაცია მაქსიმუმ 2 გვერდი ერთ pdf-file-ში, აპლიკაცია უნდა შეიცავდეს

  • სამოტივაციო წერილს
  • CV-ს

შევსებული აპლიკაცია გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: japaridze@joint-civic-education.net გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ «მენტორი».

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 24 მარტი, 18:00 საათი.

შერჩეული კანდიდატებს დავუკავშირდებით 31 მარტამდე.

ველით თქვენს აპლიკაციას!

 

 

"ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა" იწყებს თანამშრომლობას ფონდ "არძასთან"

მრავალფეროვნების სკოლას ახალი პარტნიორი ჰყავს. საქველმოქმედო ფონდი „არძა“ თანადამფინანსებლის როლში მხარს უჭერს მრავალფეროვნების სკოლის ერთ-ერთი მონაწილის, მარიამ გელაშვილის პროექტს „ერთად მომავლისკენ“. 

პროექტ „ერთად მომავლისკენ“ ფარგლებში წმინდა ბარბარეს სახელობის ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩაუტარდებათ ტრენინგი. ტრეინინგების თემა იქნება სამსახურის მოძიების  ეფექტური  გზები და მასთან დაკავშირებული კომუნიკაცია. პროექტის მიზანია ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს მიეწოდოთ საჭირო ინფორმაცი დასაქმების შესაძლებლობების თაობაზე და ასევე გაუჩნდეთ მოტივაცია რეალიზება გაუკეთონ საკუთარ უნარ–ჩვევებს.  

მადლობას ვუხდით ფონდ არძას თანამშრომლობისათვის და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებულად გაგრძელდება.

სათემო და დემოკრატიული განათლების პროგრამის გავლენის ანალიზი

Joint Civic Education -ისა და მისი გავლენის ანალიზი გამოაქვეყნა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტთან არსებულმა სოციალური ინვესტიციის ცენტრმა.  რეგიონში ჩვენი მუშაობისა და გავლენის თაობაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ აზერბაიჯანში, თურქეთში, რუსეთში, საქართველოსა და სომხეთში სათემო და დემოკრატიული განათლების პროგრამის გავლენის ანალიზის გამოცემა შემდეგ ბმულზე.